ახალი ამბები

საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტი ინერგება


ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინტეგრირებული საზღვრის მართვის საპილოტე პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს „სადახლო“ სატვირთო მანქანების შემოწმებისათვის განკუთვნილი სკანერი გადაეცა. 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების სკანერის შეძენა-გადმოცემის პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია საზღვრის ერთიანი მართვის პრინციპების დანერგვა სამხრეთ კავკასიაში.

17 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო“ სკანერის გადმოცემასთან დაკავშირებით გაიმართა ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტის დანერგვაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის უმნიშვნელოვანესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

ცერემონიის შემდეგ სტუმრები შეხვდნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და ადგილზე გაეცნენ ახალი სკანერის 

მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე, დაათვალიერეს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადმოეცა. მათ საშუალება მიეცათ თვალყური ედევნებინათ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის პროცედურისთვისაც.



ბიზნესის წარმომადგენლები აუდიტის რეგლამენტირების პროექტს გაეცნენ


17 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიმართა შეხვედრა; შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული აუდიტორიისათვის საგადასახადო შემოწმების პროცედურების რეგლამენტის პროექტის გაცნობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილეები მამუკა ტერაშვილი და ვახტანგ ლაშქარაძე, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბაქარ დევდარიანი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ვალიშვილი. აუდიტის რეგლამენტირების პროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეიმუშავა, შეხვედრის მონაწილეებს ბაქარ დევდარიანმა წარუდგინა. საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები შეთავაზებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ბოლო ცვლილება: სამშაბათი, ივნისი 21 2016, 8:18